ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა მათ, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ეს შეამცირებს შემთხვევათა ზრდის რისკს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის შექმნილი ეთიოტროპული წამალი, მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.

„მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვები და მკაცრი შეზღუდვები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის ეთიოტროპული წამალი. სოციალური დისტანცირება და შეზღუდვები გახლავთ სწორედ ამ მობილობის შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, ერთად თავშეყრის შეზღუდვა, ხალხის ერთად ყოფნის შეზღუდვა ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებმა გუშინ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ შეამცირებს.

„რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის  ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა –  ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.

იტვირთბა....