თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.
ალექსანდრე გოგინავას თქმითვე, ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში არ გაუარესებულა.
„დილის მონაცემებით ჯერჯერობით ჩვენთან ახალი პაციენტები არ გადმოუყვანიათ. ამ ეტაპზე ინფექციურში იმყოფება 45 პაციენტი. მათგან ოთხის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა დინამიკაში არ გაუარესებულა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მათ დიდ ნაწილს, 60 %-მდე აღენიშნებათ პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, შესაბამისი მკურნალობა და კვლევები უტარდებათ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვნების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
„მათ დინამიკაში არ აღენიშნებათ რაიმე გაუარესება, პირიქით, კლინიკაში ყველა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, რომ ან არის გაუმჯობესებული ან რჩება სტაბილურად მძიმე“ ,- განაცხადა გოგინავამ.
დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.