“კორნავირუსთან და სახლში დარჩენასთან დაკავშირებით ვრცელდება საქართველოს პატრიარქის გაყალბებული ვიდეომიმართვა, რასაც, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ზოგიერთი გონიერი, მაგრამ მოტყუებული ადამიანიც უწევს რეკლამირებას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი წერს.
როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დრო არ ითმენს, კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა და აღარც ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც ვიყავით.
“ვფიქრობდი, აღდგომის მერე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი სათქმელი, მაგრამ, ვატყობ, დრო არ ითმენს. ვეღარ ვიფიქრებ იმაზე, ვის მოეწონება, რასაც ვიტყვი და ვის- არა. გამგები გაიგებს და ვისაც გაგება არ უნდა, მასთან არც ჩხუბს ვაპირებ და არც დისკუსიის გაგრძელებას.
კორონავირუსის ეპიდემიამ მთელი მსოფლიო შეძრა და შეცვალა. ჩვენ აღარ და ვეღარ ვართ ისეთები, როგორებიც ვიყავით ამ ვირუსის გამოჩენამდე…
21-ე საუკუნე ხორცზე და ხორციელზე ორიენტირებული საუკუნეა. ტექნოლოგიური პროგრესი, ციფრული ეპოქა ადამიანს აწებებს მატერიალურს, მიწიერს და წყვეტს ღმერთს, ამიტომაც ის, რაც აქამდე საკამათოც არ იყო, დღეს ცხელი, მგზნებარე დისკუსიების საგანი ხდება. ადამიანის ბუნება რომ ფაქიზი და სუსტია, ამაზე იმდენი რელიგიური ნაშრომია დაწერილი, ჩემი ახსნა-განმარტებები აშკარად უადგილოა. ადამიანის ბუნების მრავალწახნაგოვნება განსაკუთრებული სიგრძე-სიგანით ჩანს კრიზისულ ვითარებებში. აი, მაგალითად დღეს, როცა კორონავირუსს ვებრძვით. ვის არ ეშინია? ძნელია, ვიპოვოთ ასეთი ადამიანი… ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავრჩეთ ადამიანებად, არ დავემსგავსოთ ცხოველებს, არ დავემონოთ შიშს, არ დავკარგოთ კრიტიკული აზროვნების უნარი და არ დავკარგოთ რწმენა. ვიღაცისთვის ეს რწმენა ზოგადია, ვიღაცისთვის- კონკრეტული და ღმერთისადმი რწმენას ნიშნავს.
ახლა გადავავლოთ თვალი დისკუსიას, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მე მგონი, არც ერთ ქვეყანაში კამპანიას “დარჩი სახლში” არ მოჰყოლია ისეთი რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რაც ჩვენთან მოჰყვა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მთავარი დისკუსია მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ ვითარდება. დააკვირდით, ეკლესიამ ბევრჯერ თქვა, რომ მრევლს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ვისაც უნდა, დარჩება სახლში და მომავალში ეზიარება. ვინც ავადაა, მასთან სამღვდელოება სახლში მივა და აზიარებს. წირვისას თითქმის ყველა ეკლესიაში დაცულია დისტანცირებაც, გადაწყვეტილია გახმოვანების საკითხიც, ეკლესიებს მომარაგებული აქვთ სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები. ხუთშაბათს წირვას დავესწარი და სტიქაროსნები მუდმივად აფრთხილებდნენ მრევლს, – არ დაერღვიათ დისტანცია, არ მოეხსნათ ნიღბები და ზიარების შემდგომ, დროულად დაეტოვებინათ ტაძრის ეზო. დააკვირდით: წირვა ტაძრის ეზოებში ტარდება…
ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ პროცესს. გაჩნდა ორი ნაპირი. ერთ ნაპირზე დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არავისზე ნაკლებად არ უყვართ ღმერთი, მაგრამ მიაჩნიათ: ახლა ზიარება ღმერთის გამოცდაა. ისე, თუ ვინმეს საკითხი უფრო ღრმად აინტერესებს, ზიარებას არავითარი კავშირი არა აქვს ღმერთის გამოცდასთან. საზოგადოების ეს ნაწილი გულწრფელად შიშობს, რომ ზიარება შესაძლოა გახდეს ეპიდემიის მაპროვოცირებელი, ამიტომაც გაჩნდა სხვადასხვა ფორმის მოწოდებანი. მაგალითად, დარჩი სახლში, თუ გიყვარს ღმერთი და მოყვასი! არ წახვიდე წირვაზე, ილოცე სახლში და ილოცე შენს გულში! და ა.შ.
ლოცვა სახლშიც შეიძლება, ქუჩაშიც, თვითმფრინავშიც, ლიფტშიც, გონებაშიც და გულშიც. სახლში მლოცველის სინანული შეიძლება ისეთი დიდი და გულწრფელი იყოს, რომ მეტად შეიწროს ღმერთმა, ვიდრე მაზიარებლის…
ვნახოთ მეორე ნაპირზე რა ხდება. დგას ადამიანი, რომელიც უკვე შეგვითანხმდა, რომ არაა არავისზე უკეთესი, მაგრამ მას უნდა ტაძარში ილოცოს, უნდა დაესწროს წირვას, მზადაა 12 საათის მანძილზე იდგეს ფეხზე, მას უნდა ეზიაროს, მას არ ეშინია ზიარების წესის, პირიქით, იცის, რომ ეს ჯავშანია, ეს ჩვენი ერისთვის საჭიროა, აუცილებელია, განსაკუთრებით, როცა ეპიდემიაა, როცა განსაცდელია, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ომია. მან იცის, რომ ზიარების შედეგად, არასდროს, არავინ არ დაავადებულა. მას სჯერა, რომ ახლაც არავინ დაავადდება. ეს არაა პური და ღვინო, ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია. მას უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს და არავის დედამიწის ზურგზე არა აქვს უფლება, რომ წაართვას ან აუკრძალოს წირვაზე დასწრება, როცა ტაძრის კარი ღიაა. ის ემზადება. იშრომა, იმარხულა, ილოცა. იცის, უნდა დაიცვას კანონი და ფეხით მოუწევს ტაძრამდე მისვლა. ისიც იცის, რომ წირვამდე და წირვის მერე საათობით მოუწევს ფეხზე დგომა. ნუთუ, არ გილღვებათ გული, რომ გაითავისოთ ამ ადამიანების მდგომარეობა?! ნუთუ ასე ჩავებღაუჭეთ მიწიერ შიშს, რომ ზოგიერთი მზადაა მრევლი დააპატიმრონ, პოლიციას გამოუძახონ, იმედია, ბოლოს ცემა-ტყეპაზე არ გადავალთ.
ახლა მე რას ვხედავ? მე ვხედავ, რომ სამყარო გაგიჟდა. ვხედავ, ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ, ვხედავ მცდელობას, რომ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბი მაინც და მაინც ეკლესიას დაუკავშირონ და დააბრალონ, რაც ტყუილია…
და ვფიქრობ: დავწერო თუ არა ის, რაც თავში მტრიალებს და გულს მიკლავს.
რას დავემსგავსეთ, აი, ეს მიკლავს გულს და ამ მწარე კითხვის დასმას გავურბოდი: რას დავემსგავსეთ?!…
ზოგმა სახლში ვილოცოთ და ზოგმა ტაძარში, ზოგი ახლა ვეზიაროთ, ზოგიც – მომავალში. ნუ დავაბრკოლებთ ერთმანეთს და ნუ გავახლეჩინებთ თავს ნ უ რ ა ვ ი ს!
გავერთიანდეთ ქრისტეში., – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.