სარედაქციო წერილი
საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ინტერნეტ-გაზეთმა „მეტრონომმა“ ონლაინ რეჟიმში ჩაატარა გამოკითხვა – “მიდიხარ თუ არა სააღდგომო ლიტურგიაზე”. კვლევაში 24 საათის განმავლობაში, 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა (იხილეთ მბული). გამოკითხულთა დაახლოებით 10 პროცენტი ამბობს, რომ ის მიდის სააღდგომო რიტუალზე დასასწრებად. თუკი გამოკითხვის შედეგს მორწმუნეთა სრულ რაოდენობაზე გადავიტანთ, მივიღებთ უაღრესად სავალალო სურათს, როცა ასობით ათასი მორწმუნე მიაშურებს ტაძრებს.
აშკარაა, რომ პრემიერ გიორგი გახარიას მიდგომამ, რომელიც თავის განცხადებაში სრულიად მიენდო საზოგადოების კეთილგონიერებას, რომ ისინი არ წავიდოდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე, არ იმუშავა.
„მეტრონომის“ კვლევა აჩვენებს, რომ მთავრობის ასეთმა მიდგომამ ეპიდაფეთქების რეალური საფრთხე შექმნა, რამაც შესაძლოა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს. კვლევა ამყარებს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სპეციალისტების პოზიციას, რომ თუ არ დავრჩებით სახლში, მაისის დასაწყისისთვის, შესაძლოა ათასობით ინფიცირებული მოქალაქე მივიღოთ.
კვლევის შედეგებით უაღრესად შეშფოთებულნი, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას! სააღდგომო დღეებში, საკანონმდებლო რეგულაციებით, სასწრაფოდ აიკრძალოს მრევლის მისვლა ეკლესიებში და ის ღია დარჩეს მხოლოდ სასულიერო პირებისთვის აუცილებელი რელიგიური რიტუალების შესასრულებლად, როგორც ეს დღეს, საკმაოდ ბევრ ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის არა ეკლესია და მრევლი, არამედ ხელისუფლება.
„მეტრონომის“ რედაქცია