ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შესაძლოა, იაპონიამაც შეუმციროს.
აღნიშნულ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არის პრობლემები და პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყანა ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს.
“აუცილებელია, ახლა მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მაგრამ არსებობს პრობლემებიც. ვფიქრობ, აუცილებელია მათი გადახედვა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელება შეწყდება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა. ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.
მანამდე, 7 აპრილს, ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ჯანმო” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტში დაწერა, რომ “ჯანმო” ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული.