რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე ჩაატარა.
რომის პაპმა მორწმუნეებს რომის წმინდა პეტრეს ტაძრიდან მიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო ავრცელებს.
პაპმა ფრანცისკემ ეპისტოლეში შიშსა და იმედზე ისაუბრა. მან პარალელი გაავლო იესოს სამარხთან მისულ ქალებსა და კორონავირუსის გამო გაურკვევლობაში მყოფ დღევანდელ მსოფლიოს შორის.
„როდესაც ქალები მაცხოვრის სამარხთან მივიდნენ და იქ ქრისტე ვერ ნახეს, მათ მომავლის წინაშე შიში გაუჩნდათ. მათთვის, ისევე როგორც ახლა ჩვენთვის, ეს რთული დრო იყო, თუმცა სამარხთან მისულებმა მათ გაიგეს სიცოცხლის ხმა: „არ შეგეშინდეთ, ის აქ არაა, ის აღდგა“. ეს სიტყვები შეიცავს იმედს და უფალი გვიმეორებს ამ სიტყვებს ახლა, როდესაც ჩვენ ვიბრძვით უფლებისთვის, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს: იმედის უფლებისთვის.
ამ რთულ დღეებში ჩვენ ერთმანეთის გამხნევებას ვცდილობთ და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა როდესაც იზრდება შიში, ყველაზე დიდი იმედიც კი შეიძლება გაქრეს. იმედი, რომელსაც იესო გვაძლევს, განსხვავებულია. ის გვარწმუნებს, რომ საფლავიდანაც კი უფლის ძალით სიცოცხლე აღდგა. ნუ შეშინდებით, ნუ დანებდებით შიშს. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ქრისტიანების ნაწილი აღდგომის დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.