ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის დადგენილებით, მაღაზიათა ქსელი – “სუფთა სახლი” მუშაობას დროებით აჩერებს, რამაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.. ბევრი მათგანი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნეს, რომ “სუფთა სახლი” სწორედ იმ საქმიანობას ეწევა, რაც ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” მაღაზიათა ქსელის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, ანი ნადირაშვილს დაუკავშირდა და გაარკვია, რატომ მიიღო მთავრობამ მათი დახურვის შესახებ გადაწყვეტილება და რის საფუძველზე დაიკეტა “სუფთა სახლის” 150-მდე ფილიალი.
ანი ნადირაშვილის განცხადებით, მაღაზიათა ქსელის დახურვის მიზეზი მთავრობის მიერ მიღებული 211-ე დადგენილება გახდა.
კერძოდ, ნადირაშვილის ინფორმაციით, “სუფთა სახლის” საქმიანობა არ მიეკუთვნება დადგენილებაში განსაზღვრულ ბიზნესსაქმიანობის იმ სფეროებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან “სუფთა სახლის” მუშაობის შეჩერება არ უკავშირდება რომელიმე რეკომენდაციის ან რეგულაციის დარღვევას, ვინაიდან მაღაზიათა ქსელი ყველა საერთაშორისო რეკომენდაციას იცავდა.
“მთავრობას ჩვენთვის რაიმე სახის რეგულაციების დარღვევაში ბრალი არ დაუდია. მთავრობამ მიიღო 211-ე დადგენილება, სადაც განსაზღვრა ბიზნესოპერატორების სია. სიაში მოხვდნენ ის ბიზნესსუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ. ამ სიაში არ იყო “სუფთა სახლი” და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მოგვთხოვა, რომ დროებით შეგვეჩერებინა მუშაობა”,- აცხადებს ნადირაშვილი.
მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი “მეტრონომთან” განმარტავს, რომ მათი ქსელი საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო ეს სფერო მთავრობის მიერ დადგენილ დოკუმენტში განსაზღვრული არაა.
ხოლო, რატომ არ მოხვდა მაღაზიათა ქსელის სფერო მთავრობის მიერ განსაზღვრულ ბიზნესსაქმიანობაში, ეს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელისთვისაც გაუგებარია.
ნადირაშვილის თქმით, მათი ქსელი ზუსტად იმ სახეობის პროდუქტს ყიდის, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციასთან პირდაპირ კავშირშია.
“ამ დოკუმენტში განსაზღვრული ბიზნესსაქმიანობის სფეროებიდან ჩვენ არცერთს მივეკუთვნებით. ჩვენ არ ვართ სასურსათო პროდუქტების, ან სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. ჩვენ ვართ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი, ანუ, ჩვენ ვაწარმოებთ საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტებს და დადგენილებაში ჩვენი საქმიანობის სფერო არ იყო განსაზღვრული. შესაბამისად იმ ბიზნესსუბიექტების სიაში ვერ მოხვდა “სუფთა სახლი”, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებოდათ.
ჩვენ ვყიდით იმ სახის პროდუქტებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ვირუსის პრევენციასთან. ალბათ ერთ-ერთი ქსელი, რომელიც არ უნდა დაკეტილიყო, ჩვენ ვიყავით. ამიტომ გაუგებარია, რატომ ვერ მოვხვდით ამ განსაზღვრულ სიაში,“,- განმარტავს ნადირაშვილი.
ამასთან, ნადირაშვილის ცნობით, კომპანიამ მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალური განაცხადით მთავრობას უკვე მიმართა და არ გამორიცხავს, რომ ქსელმა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეც განაახლოს.
“მუშაობა საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა, მაგრამ შესაძლოა, უფრო მალე განვაახლოთ. შესაძლოა, რაიმე სახის გაუგებრობასაც ჰქონოდა ადგილი. იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ ქსელს ვეკუთვნით, რომლის მუშაობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ თითქმის ყველა უბანში, 150-მდე ფილიალი გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორია ძალიან კარგად გვქონდა მოცული. ამით ვიცავდით მომხმარებელს, რომ არ ყოფილიყო დიდი რიგები. ამასთან, ჩვენ გადაადგილების პრობლემასთან ერთად სხვა ისეთ პრობლემებსაც ვხსნიდით, რაც ამ ეტაპზე ბევრგან არსებობს”,- განაცხადა ანი ნადირაშვილმა.
რაც შეეხება “სუფთა სახლის” თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურისა და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ნადირაშვილის ინფორმაციით, კომპანია ამ საკითხზე მსჯელობს და უახლოეს დღეებში გადაწყდება, შეუნარჩუნდებათ თუ არა ქსელში დასაქმებული ადამიანებს სახელფასო შემოსავალი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით მაღაზიათა ქსელმა მუშაობა გუშინ შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
რაც შეეხება მთავრობის მიერ დამტკიცებულ 211-ე დადგენილებას, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდა, მასში ჩამოთვლილია ის ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომელთაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდება. ესენია:
- საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“)
- ნავთობის და გაზის მოპოვება, გადამუშავება;
- ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).
ამასთან განმარტებულია, რომ “დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).
“მეტრონომი” ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას პერიოდულობით გააცნობს.
თათა შაიშმელაშვილი