ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირება მოხდა მათი კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომლების ვირუსით დაინფიცირება სამუშაო პირობებში არ მომხდარა.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების ინფიცირება კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში მოხდა.

მოდით ასე ავხსნათ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველა დაწესებულებას რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს, და აი, ეს ხორციელდება მაგალითად, ჩვენთან – ლუგარის ცენტრში, თანამშრომლები უნდა დაიყვნენ ბრიგადებად. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი ამ დროს იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის აი, ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს. ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. მათ ასე ზუსტად, რაც იყო რეკომენდაცია, გაყოფილი ჰყავდათ თავიანთი თანამშრომლები და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული მოდით ასე ვთქვათ, კოლექტიურ თვითიზოლაციაში. სამწუხაროდ, მოხდა სწორედ ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა და ამან გამოიწვია, რომ დიდი რაოდენობა იყო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა სწორედ აი ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა. ისინი, ვინც უწყვეტად უნდა იმუშაონ, ამ ადამიანებს დღესაც ვურჩევთ, ოღონდ აი, ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან იქ, სადაც ეს ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. ორკვირიანი ბრიგადები სწორედ მაგიტომ არის, რომ თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს ამ დროს მუშაობას. მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, 6 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკიმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსით უწყების 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

სებ-ის ცნობით, ინფიცირებული თანამშრომლები შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უწყება აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს, ხოლო შენობაში რეგულარული სადეზინფექციო  სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....