დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში არაა შესაბამისი აღჭურვილობა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყოს.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, იმნაძის თქმით, გიორგი ბაბუაძე, რომელმაც პროფესიული განათლება მათ ცენტრში მიიღო, ახლა კანადაში ჯგუფთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.
“ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, „ამერიკის ხმამ” უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ კანადაში მეცნიერების გუდნთან ერთად ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონა. მეცნიერები ამ ეტაპზე ვაქცინის კლინიკურ ცდებს ატარებენ. ხოლო, თუ ვაქცინამ დადებითი შედეგი გამოღო, ის ერთ წელიწადში გახდება ხელისაწვდომი.