სომხეთიდან ჩამოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ინფიცირებულები მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, მალე გამოჯანმრთელდებიან.
“მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. უკვე დაავადების დაახლოებით მე-9 თუ მე-10 დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყება ხოლმე გამოჯანმრთელება და ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია ამ ეტაპზე. მათი მდგომარეობა ალბათ, დარჩება სტაბილური“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს ჩამოიყვანა.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, სამკურნალოდ სამშობლოში დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები 230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.