საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის” დირექტორმა ბაია პატარაიამ საკარანტინე სივრცეში მყოფ ერთ-ერთ ქალზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა.