პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანს, რომლებსაც პირველი სიმპტომები აღენიშნებათ, ჯერ 112–ზე უნდა დარეკონ და არ უნდა წავიდნენ საავადმყოფოებში.
გახარიას თქმით, სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
“მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ამას ყველაფერს”,- აცხადებს გახარია.
ამასთან, პრემიერის თქმით, 112-ის გარდა ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ.
მისივე ცნობით, მისივე განმარტებით, სულ რამდენიმე ხნის წინ ჩაირთო ერთი ქოლ-ცენტრი – 144, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.