საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ დღეს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ტრაგედია იყო.
გახარიას თქმით, უნდა გვახსოვდეს, ამ დღეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო შეიქმნას.
“მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის „კოვივიდ-19“-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც.
ეს იმედი უკვე განხორციელდა ახალ 9 აპრილს, უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი, გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები სახელმწიფოს შექმნის პროცესში უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული.
მინდა, როგორც ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 89 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 91 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.