სოციალურ ქსელში ვრცელდება მომავალი ექიმის, ამჟამად სტუდენტ, გიორგი სინაურიძის პოსტსაკარანტინო პოსტი, საიდანაც შესაძლებელია მკითხველმა გაიგოს, თუ რეალურად, ხდება დღეს კარანტინულ სივრცეებში, როგორ ეპყრობიან ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია როგორ იტანჯებიან ადამიანები ფსიქოლოგიურად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთავრობას სწრაფი ტესტების დანერგვა მეათეხარისხოვნად მიაჩნია.
“ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია, ორი დღეა ვერ გადავწყვიტე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, სამედიცინო კუთხით, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა. საბოლოოდ, მაინც მინდა, ჩემი ამბავი გაგიზიაროთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რას აფუჭებს სისტემა კორონა ვირუსთან ბრძოლისას და, როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ყველაფერი დაიწყო 13 მარტს, როცა ესპანეთიდან დავბრუნდი, თუმცა ამ პოსტის დაწერის მიზეზი ბოლო 3 დღეში განვითარებული მოვლენებია.
13 მარტს, როცა მეგობრებთან ერთად თბილისში ჩამოვფრინდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მზრუნველმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარანტინი მიწევდა. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ადგილები არ იყო და ბათუმში უნდა წავსულიყავით 2 კვირით.
აეროპორტის პატარა ოთახში, 5 სხვადასხვა რეისის მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, ავტობუსს 5 საათის განმავლობაში ველოდებოდით. ქალები, კაცები, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირები, შესაძლო ინფიცირებულები და ჩვენ, 7 მეგობარი, ერთად ვისხედით მეტლახის გაყინულ იატაკზე.
დიდი, თხოვნის, ჩხუბის და პერფორმანსების შემდეგ ავტობუსი მოვიდა. ორ ავტობუსში გადაგვანაწილეს სხვადასხვა რეისიდან ჩამოფრენილი მგზავრები. ჩვენ შორის იყვნენ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები.
დამღლელი 7 საათის შემდეგ ჩავედით ბათუმში, საკარანტინე სასტუმროში.
რადგან მე და ჩემი მეგობრები ესპანეთში ერთად ვცხოვრობდით, ოთახში შესვლაც ერთად შემოგვთავაზეს. პატარა ოთახების გამო, გადავწყვიტეთ, მაინც ცალ-ცალკე შევსულიყავით. თუმცა, რადგან ერთად ცხოვრების უფლება მოგვცეს, ერთმანეთსაც ვნახულობდით.
ჩვენს სამ მეგობარს ჩამოფრენიდან მეშვიდე დღეს ტემპერატურა გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, ექიმი-ეპიდემიოლოგი საქმის კურსში იყო, თუმცა ტესტების სიმცირის გამო, წასვლის წინა დღემდე (მე-13 დღე) ტესტი არავის გაუკეთა.
ტესტის გაკეთების შემდეგ, სამიდან ერთ მეგობარს ვირუსი აღმოაჩნდა. ამ დროს, მას უკვე არანაირი სიმპტომი აღარ ჰქონდა. თავს ახლაც არაჩვეულებრივად გრძნობს. დიდი ალბათობით, ჩვენი მეგობარი, ფრენისას, აეროპორტში ან ავტობუსში დაინფიცირდა, რადგან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი, სწორედ ამ თარიღს ემთხვევა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ მეგობარი ბათუმის ინფექციურში ხოლო ჩვენ ხელმეორედ 14 დღიან კარანტინში მოვეთავსებინეთ. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ თვითიზოლაციაში გადაყვანა, რადგან ყველას გვქონდა ამის პირობები. მტკიცე უარი მივიღეთ.
უკვე მე-17 დღეს ვატარებდით სასტუმროში გამომწყვდეულები. ზოგს ნერვიულობისგან აგვიწია სიცხემ, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ტესტის ჩატარება მოვითხოვეთ, რომ გაგვეგო, დავინფიცირდით თუ არა დანარჩენებიც. ტესტების სიმცირის გამო, ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. უსიმპტომოებზე არ კეთდებაო. ბათუმში, საკარანტინე ზონაში, კომერციული ტესტების ჩატარება გამორიცხული იყო, შესაბამისად, ვერ შევძელით ვერც საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება. გამოვიდა, რომ კიდევ 2 კვირის მანძილზე, ვერ გავიგებდით ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ამის გამო, მეგობრებს, რომლებსაც, შედარებით, სუსტი ფსიქიკა ჰქონდათ, გამოუვლინდათ დეპრესია, პანიკური შეტევები, ნერვული აშლილობა და უძილობა. სიტუაციის სიმძიმის ფონზე, სამინისტრომ ჩვენი საკითხი ხელახლა განიხილა და, დაგვრთეს ნება, კარანტინის დარჩენილი დღეები თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ტესტზე საუბარიც კი არ ყოფილა.
მოვითხოვეთ ცალკე მანქანა, იზოლაციის წესების დაცვით. ასევე მოვითხოვეთ, რომ მგზავრობის ხარჯი თვითონ დაგვეფარა, რადგან სხვა მგზავრებისგან განრიდებას ვითხოვდით. ამაზეც უარი მივიღეთ. რა მიზეზით, არ ვიცი.
ბათუმიდან თბილისში მანქანამ სხვადასხვა საკარანტინე ზონიდან დაახლოებით 14 ადამიანი წამოგვიყვანა. მანქანაში, წყვილ-წყვილად, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს. არა პირბადე, არა ხელთათმანი, საერთოდ არანაირი დამცავი საშუალება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ საფრთხე შეუქმნა ჩვენს ჯანმრთელობას უცხო ადამიანებთან დაუცველი კონტაქტის გამო.
საბოლოოდ, თვითიზოლაციაში გადმოვედი. დავმშვიდდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და სახლში შემეძლო გამეტარებინა არა 1 კვირა არამედ მთელი ცხოვრება. თურმე არა, ახლა იწყება ჩემი თავგადასავალი.
თბილისში როგორც კი დავბრუნდი, კომერციული ტესტის ამბავი გავარკვიე და გამოძახება გავაფორმე. რიგების გამო, რამდენიმე დღეში დამინიშნეს ვიზიტი. სანამ ჩემი რიგი დადგებოდა, ერთ-ერთ საღამოს, ტემპერატურამ ამიწია (37c). მშვიდად ვეღარ მოვიცდიდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დავრეკე, რომ ჩემი მდგომარეობა შეემოწმებინათ.
გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროფესიით მეც მომავალი ექიმი ვარ და, დაახლოებით, ვიცი, საავადმყოფო ამ დროს როგორ მუშაობს.
იმ საღამოსვე, რა თქმა უნდა, ტესტი არავინ გამიკეთა. გავიარე რუტინული პროცედურა, რომელსაც ყველა პაციენტი გადის კლინიკაში ვიზიტის დროს. არ მოვყვები, როგორი ბალიში და სიტუაცია იყო საავადმყოფოში. ერთს გეტყვით: პალატაში ჩემთან ერთად ორი უცხო ადამიანი იწვა. ორივე მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით. ჩვენ ერთმანეთისგან მოშორებით ვიწექით, მაგრამ ვიყენებდით საერთო საპირფარეშოს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ შესაძლო ინფიცირებულებთან ერთ სივრცეში ყოფნა მომისაჯა.
მეორე დღეს დადგა ტესტის გაკეთების დრო, (14:00), მალევე, საღამოს 19:00-ზე, პასუხი მოვიდა – უარყოფითი. უბედნიერესი ვიყავი. ალბათ იფიქრებთ, რომ აქ ისტორია ჰეფი ენდით მთავრდება. მეც ასე მეგონა.
როგორც აღმოჩნდა, მეორე დილამდე ჩემი გაწერა შეუძლებელი იყო. იმდენად გახარებული ვიყავი ტესტის პასუხით, გადავწყვიტე, ხასიათი არაფრით გამეფუჭებინა და ბედს შევეგუე.
დადგა გაწერის დღე, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, რაც კი მაგონდება.
პაციენტის გაწერა ძირითადად დილით ხდება, როცა ექიმი შემოვლას აკეთებს. ექიმი 12:00 საათზე მოვიდა და მითხრა, რომ ახლავე გაამზდებდა ფორმა 100-ს და გამწერდნენ.
დადგა 15:00 საათი მაგრამ არც ექიმი გამოჩენილა და არც ჩემს წასაყვანად მოსულა ვინმე. ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ წუთი-წუთზე კარანტინში წასაყვანად მანქანა მომაკითხავდა. ექიმებისადმი დიდი პატივისცემით და მშვიდი ხასიათის გამო, ქალბატონს ავუხსენი რომ, კარანტინი უკვე მოხდილი მაქვს და თვითიზოლაციაში უნდა დავბრუნდე.
მიპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რა მქონდა მოხდილი და, როგორც იტყოდა, ისე იქნებოდა. ძალიან ვთხოვე, პალატაში ჩამოსულიყო, რომ სიტუაცია დეტალურად ამეხსნა. ყვირილზე გადავიდა. ამ დროს მეც ყვირილით გადავძვერი ტელეფონში და კორექტულობისკენ მოვუწოდე. ნახევარ საათში ფორმა 100 მომიტანეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სახლში ვეწერებოდი თვითიზოლაციაში.
კიდევ 3 საათის შემდეგ (18:00) მანქანა მოვიდა, სიხარულით მოვკიდე ჩანთას ხელი და გავეშურე.
მანქანაში ახლა გარდაბნიდან ჩამოსული 15 უცხო ადამიანი დამხვდა. ისინი თურმე გლდანის კარანტინში გადაჰყავდათ, მაღალი რისკის, მაგრამ სიმპტომების არარსებობის გამო. მძღოლს თავაზიანად ვთხოვე, აქვე ვცხოვრობ, ჯერ მე დამტოვეთ მეთქი.
აქვე გაირკვა, რომ მეც კარანტინის სიაში ვიყავი. თავისთავად ავუხსენი, რომ კარანტინი არ მიწევდა. მძღოლი კარგი ადამიანი იყო, მითხრა, მე ვერაფერს ვწყვეთ, პოლიციას გაესაუბრეო. დავუძახეთ პოლიციას, რომელიც კლინიკის ეზოს იცავდა, რისგან არ ვიცი.
პოლიციელი ახალგაზრა ქალი იყო, მშვიდად ვესაუბრე, ვუთხარი რომ შეცდომა დაუშვეს და, სახლის ნაცვლად, ისევ კარანტინში მივყავდით. დახმარება და სიტუაციის გარკვევა ვთხოვე.
პოლიციელის განმარტებით, მას არ აინტერესებდა “ეს რაღაც ფურცელი”, ანუ ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100, და ეს ყველაფერი, ჩემი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხდებოდა. ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ფორმა 100-სთვის დაეხედა, რომელიც, სამედიცინო თვალსაზრისით, სულაც არ არის “რაღაც ფურცელი” და, სადაც გარკვევით ეწერა, რომ შემოწმებული ვიყავი და მეკუთვნოდა თვითიზოლაციაში დაბრუნება.
მშვიდად და ხაზგასმით განიმიმარტა, რომ ეს არ აინტერესებდა, ან ახლავე ჩავჯდებოდი მანქანაში ან – 3000 ლარიანი ჯარიმით ჩავჯდებოდი იგივე მანქანაში.
რომ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა, მანქანაში ჩავჯექი. წავედით გლდანში, ერთ-ერთ საკარანტინე სასტუმროში. ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას კარგად ვერ გადმოგცემთ. სიტყვებითთ არ გამოითქმის, რაც მაშინ მთელმა ამ არეულობამ დამმართა.
ოთახში შესვლის შემდეგ დაიწყო ბიუროკრატიასთან ჭიდილი. ჯერ ვცდილობდი, გამერკვია, ამ შეცდომის გამოსწორება ვის შეეძლო.
საღამოს 10:00 საათზე უკვე, დაახლოებით 10 ადამიანთან მქონდა დარეკილი და ყველა ერთმანეთთან მამისამართებდა. საბოლოოდ, ერთ-ერთი ინსტანციიდან დამირეკეს, ბოდიში მომიხადეს შეცდომის გამო. აღმოჩნდა, რომ ღამე მაინც ვერ გადამიყვანდნენ, კომენდატის საათი იყო და, შემპირდნენ, რომ დილით გამოასწორებდნენ შეცდომას.
დილით ადრე ავდექი, დრო რომ არ დამეკარგა. 22 დღე კარანტინში ვიყავი და დამატებით 1 წუთიც არ მინდოდა, იქ გამეტარებინა.
დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, დამიდასტურეს რომ საკითხი გადაცემული იყო და მანქანას უნდა დავლოდებოდი. მანქანა რამდენიმე საათი არსად ჩანდა.
დავრეკე საგანგებოში, სადაც ტრანსპორტირებას აგვარებენ. მითხრეს, რომ ჩემზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.
უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შემეშინდა, ვინმესთვის ან ჩემი თავისთვის რამე არ დამეშავებინა. ძველმა ექიმმა დამირეკა, ბათუმის კარანტინის ექიმ-ეპიდემიოლოგმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა შემიმოწმა. სიცხე ვიღას ახსოვდა, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ავუხსენი, მაშინვე დახმარებას შემპირდა.
ჩემმა თხოვნამ გაჭრა თუ, უბრალოდ, გულისხმიერებამ, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში მანქანამ მომაკითხა.
ახლა ამას სახლიდან ვწერ, დამშვიდებული გონებით, კიდევ არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიწირა ამ საშინელ ბიუროკრატიასთან ბრძოლამ.
მართალია, ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, ალბათ დიდი ხანი გამყვება.
ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ძლიერია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძალიან ცდებით.
საქართველოში შესაძლოა, ათასობით დაავადებული პირი იყოს, რომლებსაც ტესტს არ უკეთებენ, იმიტომ, რომ უსიმპტომოები არიან. მსოფლიო გამოცდილებით, ინფიცირებულთა 50% უსიმპტომოა, მაგრამ – ჩვეულებრივად გადამდები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე აუცილებელი მათი დატესტვაა, რადგან ისინი, ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ აქვთ.
საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს. სასტუმროები, ნუ მოგატყუებთ. პოპულიზმზე ჯანდაცვის სისტემის აგება, არ შეიძლება, აქ ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე.
ამ ყველაფერს ისე ვწერ, კარი 9 კლიტულით მაქვს ჩარაზული. ახლა რომ ვკვდებოდე, აღარც სასწრაფოში დამრეკი ვარ და, მითუმეტეს, არც გარეთ გამსვლელი” – წერს სოციალურ ქსელში სტუდენტი.