ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტებიდან 5 მათგანი მათ ცენტრში გადის მკურნალობას და ამასთან, მათი ინფექციის წყაროც ცნობილია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ დროისთვის მატთან ერთი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 24 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას 38 პაციენტი გადის.
“ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია.ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით მიღებული არ არის. 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან კიდევ ორი მძიმე პნევმონია დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, მაგრამ ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელი შეფასებით, საშუალო იქნება, თუ მსუბუქი შემთხვევა, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს მძიმე გახდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.