თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა დასტაბილურდა, კრიტიკულად კი მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება.
„ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხი პაციენტი უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია, მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივი, მძიმე პაციენტები არიან“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავდმყოფოშო ორი არასრულწლოვანი რჩება.
„მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ ისინიც დატოვებენ ჩვენს კლინიკას გამოჯანმრთელებულები“ , – აცხადებს მარინა ეზუგბაია. მისივე თქმით, კლინიკაში 15 პაციენტის სინჯია აღებული.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.