ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ირკვევა, რომ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია”- სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალდო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიების შუალედური ანგარიშე გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შს მინისტრს, გიორგი გახარიას 20-21 ივნისის ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა გიორგი გახარიასგან  მხოლოდ ცრემლსადენი აირის გამოყენების ბრძანება მიიღეს, რაც რაციების ჩანაწერიდან ირკვევა.

„რაციების ჩანაწერიდან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მინისტრის თანხმობით, მინისტრის მოადგილეებისაგან მიიღო მხოლოდ ცრემლსადენი აირის გამოყენების ბრძანება, რაც მან ჩაშალა მის დაქვემდებარებულ პირებზე, გასცა თოფების აღებისა და აირის ჭურვის გასროლის ბრძანება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი უთითებს, რომ აქციის დაშლისას გადაადგილდებოდა ველზე და ინფორმაციას იღებდა როგორც რაციით, ასევე პირადად. მისი ჩვენების თანახმად, მას რაციის მეშვეობით მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტული პოლიციელების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ. იგი უთითებს, რომ აღნიშნულის თაობაზე მალევე აცნობა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს, აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები.

“რაციების ჩანაწერებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ მინისტრმა აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გასცა. კერძოდ, რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 საათზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან – კახაბერ საბანაძისგან, უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოების ხელმძღვანელების ჩვენებების მიხედვით, რაციით გავრცელდა დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, რომ მეთოფეებს აეღოთ არალეტალური თოფები და გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაცემულა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად. დეპარტამენტის მეთოფეები ასევე ადასტურებენ, რომ მათ ბრძანება მიიღეს მხოლოდ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე, ხოლო რეზინის ტყვიები ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის ბრძანების გარეშე გამოიყენეს. მეთოფეები ასევე აღნიშნავენ, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს იქვე მყოფი მეთაურები აფასებდნენ სიტუაციას, თუმცა, მათთვის რეზინის ტყვიების გამოყენების ან გამოყენების შეწყვეტის მითითება არ გაუციათ. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო ან ღონისძიება გაატარა მის დაქვემდებარებაში მყოფი მეთოფეების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებების შეწყვეტის/აღკვეთის მიზნით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....