პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიები, რომლებიც შეძლებენ დაადასტურონ, რომ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ნორმებს, მუშაობას გააგრძელებენ.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი მოთხოვნაა, ყველა ონლაინ მაღაზიამ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაიცვას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს.
“დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე – ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია. შეზღუდვა არ ეხება ფარმაცევტული ნაწარმისა და სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვებს.