საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
“დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით, ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.
ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.