გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მოწყვლად ჯგუფში შემავალი პატიმრები გაათავისუფლონ.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, ვირუსი არაერთი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ კლინიკებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში დაფიქსირდა.
„მთავრობამ უნდა განიხილოს მოწყვლად ჯგუფში შემავალი, დაუცველი პატიმრების გათავისუფლების საკითხი. საუბარია ასაკოვან, სხვადასხვა დაავადებების მქონე პატიმრებსა და არაძალადობრივ დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებზე“, – აცხადებს მიშელ ბაჩელეტი.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, პატიმართა ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაში. იტალიაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში კი, პატიმართა ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 472 337-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 21 302 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 114 714 პირი.