ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მოსახლეობა პანიკაშია… სამედიცინო ბრიგადები გამოძახებებს ვერ აუდიან”- საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი არსებულ ვითარებაზე “მეტრონომს” ესაუბრა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი ნიკა აბულაშვილი ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს.

ქართველი სტუდენტი გაზეთ „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საფრანგეთში სრული პანიკაა და მოქალაქეების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

ნიკა აბულაშვილის თქმით, ქვეყანაში პანიკა მას შემდეგ დაითესა, როცა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების 800-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, ქვეყანაში, სხვა ობიექტების მსგავსად, ბევრი სასურსათო მაღაზიაც კი დაიკეტა, ვინაიდან მათ პროდუქტის სრული მარაგი უკვე ამოწურეს.

„მე ვიმყოფები ქალაქ ტულუზაში. სტუდენტების რაოდენობის მიხედვით ეს პარიზის შემდეგ სიდიდით პირველი ქალაქია. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის სრული პანიკა. დაცარიელებულია სუპერმარკეტები, მეტიც ბევრმა სავაჭრო ობიექტმა შეაჩერა მუშაობა იმის გამო, რომ საკუთარი პროდუქტების მარაგი ამოწურა და გასაყიდი აღარფერი აქვთ. აფთიაქებში როცა გვინდა პირბადის შეძენა, აუცილებლად გვჭირდება ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი. თითქმის არ იშოვება სადეზინფექციო ხსნარები და მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი. ფასები კი გაორმაგებულია.

ქვეყანაში არაერთი დაწესებულება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კოსმეტიკური პროდუქტის ცნობილმა კომპანიებმა კოსმეტიკური ხასის წარმოება შეწყვიტეს და დაიწყეს ხელის ანტისეპტიკური ხსნარის წარმოება,“- აცხადებს აბულაშვილი.

აბულაშვილის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია თითქმის ყველა ობიექტი, სასურსათო მაღაზიებში კი პროდუქტის შეძენაც შეზრუდული რაოდენობითაა შესაძლებელი.

ამასთან, ქართველი სტუდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის ფართო გავრცელებას თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ შეუწყო ხელი, ვინაიდან ისინი რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ.

„დაიკეტა ყველა ობიექტი, ესენია გასართობი დაწესებულებები, სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები, ბარები. შეწყდა სასწავლო პროცესი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოქალაქეები ქუჩებში მაინც გადიოდნენ და ისინი ხალხმრავალ ადგილებში იკრიბებოდნენ, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის უფრო მეტად გავრცელებას. ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ერია, ისინი ამ შემთხვევაში რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ.

შეზღუდულია გადაადგილება. გამოყვანილი ჰყავთ ჯარი და პოლიცია და სწორედ ისინი აწარმოებენ მონიტორინგს გადაადგილებაზე. მოქალაქეებს გვეკრძალება ქალაქში გასვლა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა. გადაუდებელ აუცილებლობაში კი მოიაზრება მხოლოდ ექიმთან ვიზიტი ან სურსათის მაღაზიებში პროდუქტის შესაძენად წასვლა. ამ ეტაპისთვის შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, საკუთარი ავტომობილებით გადაადგილება.

მოსახლეობა პანიკაშია და ახლა უკვე ყველა ერიდება ქუჩაში გასვლას. სადაცაა სურსათი დარჩენილი, არის შეზღუდვები,. მაგალითად არ შეგვიძლია ერთდროულად შევიძინოს სამ კილოგრამზე მეტი ფქვილი ან ისეთი პროდუქტები, რომლებიც უკვე დეფიცვიტშია“,- აცხადებს ქართველი სუტენტი.

მისივე თქმით, მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ისიც სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ და თუ მათ სპეციალურად შევსებული ბლანკი არ ექნებათ თან, იძულებითი კარანტინი და მაღალი ჯარიმა დაეკისრებათ.

„იმისათვის, რომ ქუჩაში გავიდეთ, აუცილებელია შევავსოთ შესაბამისი ბლანკი, რომელიც გავრცელდა როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე. ბლანკში უნდა შევავსოთ ჩვენი პირადი მონაცემები, სადაც ჩავწერთ, თუ სად მივდივართ და რა პერიოდს დავყოფთ ქუჩაში. თუ ეს ბლანკი არ გვექნება და პოლიცია გაგვაჩერებს, მოგვიწევს იძულებით კარანტინში გადაყვანა და საკმაოდ მაღალი ჯარიმის გადახდაც“,- ამბობს აბულაშვილი.

ქართველი სტუდენტი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზეც საუბრობს და მის მუშაობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებებს ვერ აუდიან და ხშირად მისამართებზე ვერ მიდიან. ამ დროს რეკომენდაცია არის, რომ პოტენციურმა პაციენტმა თავად მიმართოს კლინიკებს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრებს, სადაც შემოწმება ჩაუტარდება.

რამდენად მომზადებული შეხვდა საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ გამოწვევას, აქ შესაძლებელია კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ვინაიდან, თავდაპირველად ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა და გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით საფრანგეთი ერთ-ერთი პირველიც კი იყო ევროპაში. ახლა კი სიტუაცია პირიქითაა. ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება,“- აცხადებს ნიკა აბულაშვილი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 300-ს შეადგენს. საფრანგეთი ჩინეთის, იტალიის, ირანისა და ესპანეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1000-სს აჭარბებს.

მსოფლიოს მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვმა 355 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 15 ათასზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 100 ათასზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

თათა შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....