მთავარი ციტატა

“რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა” – გომელაური მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

„ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. მძიმეა ნამდვილად საუბარი. ადამიანებს, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს ეს კარვები, რათა რომ გაჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას, დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გავშალეთ, ბატონო მინისტრო, დავალაგეთ ყველაფერი, საწოლები 100 კაცზე, შემდეგ რაც მოხდა კი იცით, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ”

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

აღნიშნული განცხადება გომელაურმა მარნეულში, მედიასთან გააკეთა.

შეგახსენებთ, ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში 2 პირი დაკავა.

შსს-ს ინფორმაციით, “მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”. 

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....