ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები გადავადდება” – თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტექინსპექტირებასთან დაკავშირებულ სერვისებს აკრძალვები არ ეხება და ტესტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გრძელდება.

„ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით. რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ – განაცხადა ნათია თთურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....