პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელი ობიექტებისთვის არსებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
“სურსათის მწარმოებელი გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულები არიან: სურსათის ნებისმიერ სახით დამუშავების დროს, დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად თხევადი საპნითა და წყლით დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ, ხელები დაიმუშაონ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით; უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის, ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით გამოიყენონ ყველა სადეზინფექციო საშუალება; სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ეს ეხება იმ ობიექტებს, რომლებიც მუშაობენ სურსათის წარმოებაზე. სურსათის წარმოების დროს, მკაცრად უნდა დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი, როგორც გითხარით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.