უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს. ამასთან, მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
“მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.
ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.