საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი კლინიკის სამედიცინო მენეჯერზე, მაია ხელაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ხელაძე ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს.
„პირველ პაციენტს გავუკეთეთ ტესტი და კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. 25 რიცხვში ვგეგმავთ სამივე პაციენტის ანალიზების გაკონტროლებას და რადგან სამივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, მათ მალე გავწერთ კლინიკიდან“, – განაცხადა მაია ხელაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.