ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი შეიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში “კოვიდ-19”-ის სიმპტომებით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, პირს შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ქამუშაძის განცხადებით,  საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს 4 პაციენტი,  მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთის საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....