ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რათა არ იყოს შეფერხება პროდუქციის მომარაგებასთან დაკავშირებით”, – ლევან დავითაშვილი

“ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს იმისთვის, რომ არ იყოს შეფერხება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქციის მომარაგებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად რამდენიმე პანიკური მოთხოვნისა, არცერთ სასურსათო პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება არ არსებობს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ გავდივართ რამდენიმე მიმართულებით საკითხებს, ეს ეხება როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, პირველ რიგში, ჯანდაცვას, ეკონომიკურ საკითხებს, ასევე პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის მარაგით უზრუნველყოფაზე, იმისათვის, რომ სურსათის მიწოდებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. დავინახეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ცარიელი დახლები იყო გამოწვევა და პრობლემა, მათ შორის, ბევრ ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესს აქვს შეთავაზებული დაზღვევის მექანიზმი, რომლითაც ფასები ცხრა მნიშვნელოვან პროდუქტზე დაუფიქსირდა. ასევე დაფიქსირებულია ვალუტის საკურსო სხვაობა ისე, რომ კურსის სხვაობა არ იქნება მათთვის მიზეზი, რომ პროდუქტებზე ფასი გაზარდონ.

„სამინისტროში ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში რამდენჯერმე გვაქვს შეხვედრები ყველა რგოლთან იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფიზიკურად არ იყოს დეფიციტი და მეორეს მხრივ, გავაკონტროლოთ პოტენციური მარაგები, ანუ თავი დავიზღვიოთ და ასევე იყოს შესაბამისი ფასები. მცირე ცვლილებები დაფიქსირდა, მაგრამ ფასები ძირითად ობიექტებში დავიჭირეთ. ინდივიდუალური შემთხვევები არის, მაგრამ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ბიზნესს შევთავაზეთ დაზღვევის მექანიზმი, რომლითაც ფასები 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე დავუფიქსირეთ, ასევე საკურსო სხვაობა ისე, რომ კურსის სხვაობა არ იქნება მათთვის მიზეზი, რომ ფასი გაზარდონ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

იტვირთბა....