საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა მოქალაქემ, თუ ეჭვობენ რომ საეჭვო სიმპტომები აქვთ, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად უწყების ცხელ ხაზზე(1505) უნდა დარეკონ.
ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, სიმპომების მიხედვით საჭირო იქნება თუ არა ადამიანის ჰოსპიტალიზაცია.
“თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და ეჭვობთ, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი. ვინაიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და დადგინდეს, არის თუ არა ეს საეჭვო სიმპტომები და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებთ ინფორმაციას, როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება და რა მეთოდებია საჭირო, რომ თქვენი ჯანმრთელობა დაცული იყოს, “,- განაცხადა ტიკარაძემ.
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უფრო მეტად მკაცრ ღონისძიებებს ატარებს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს.
შეზღუდვები არ ვრცელდება სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც ძველ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.