კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, ტრადიციული ქადაგებები დროებით შეჩერდება.
გადაწყვეტილების თანახმად, იცვლება ლოცვის წესიც. მლოცველებს კი მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ პარასკევისა და სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. ამ შემთხვევაში, პარასკევის ლოცვის ნაცვლად პიროვნება ინდივიდუალურად შეასრულებს შუადღის ლოცვას საკუთარ სახლში.
სამუფთო სამმართველოში მუნიციპალიტეტების მუფთებისა და თეოლოგების შეხვედრა გაიმართა, სადაც წესების ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს და რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.
მეჩეთებში შესრულდება მხოლოდ ლოცვის სავალდებულო ნაწილი (ფარძი და ხუტბა), ხოლო ნებაყოფლობით ნაწილს (სუნნეთი ლოცვები) შეასრულებენ სახლებში. დროებით შეჩერდება ტრადიციული ქადაგება, რომელიც პარასკევის ლოცვის დროის დადგომამდე სრულდება.
შემუშავებული რეკომენდაციის მიხედვით, სამლოცველოებში ჰიგიენის წესები უნდა იყოს დაცული და პერიოდულიბით ჩატარდეს დეზინფექციაც.
მლოცველებისთვის და იმამებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით შემოიფარგლონ, არ ჩამოართვან ხელი და არ გადაეხვიონ ერთმანეთს, ასევე, ნუ გამოიყენებენ საერთო სარგებლობის კრიალოსანს და ლოცვის დასრულების შემდეგ არ ჩამოისვან ხელები სახეზე.
მკაცრი რეკომენდაცია შემუშავდა ხანდაზმულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და მათთვის, ვისაც რესპირატორული დაავადებების სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი არავითარ შემთხვევაში უნდა მივიდნენ მეჩეთებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით, თუ ქვეყანაში უფრო გართულდება ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები გამკაცრდება, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ.