მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდნიაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მაღალი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა ჰქონდეს. განსაკუთრებით კი ჩვენს მოხუცებულებზე უნდა ვიზრუნოთ.
“ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები, უკლებლივ ყველა უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველას მინდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება” – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ინფორმაციით, მოხუცების დასახმარებლად, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტასთან ერთად სპეციალურ მექანიზმს შექმნის.
“ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.