უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის შეფასებით, დღეის მდგომარეობით სასამართლოს ძირითადი გამოწვევა საქმეების დიდი რაოდენობაა და ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ქვედა ინსტანციებში.
როგორც ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ის მზადაა, მის კოლეგებთან ერთად განიხილოს ეს პრობლემა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელონ.
მისივე თქმით, აუცილებელია საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს.
“ძირითადი გამოწვევა, რასაც მე, როგორც მოქმედი მოსამართლე ვუყურებ, არის საქმეთა რაოდენობა. შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს სწორი მართლმსაჯულება, მაგრამ როდესაც მართლმსაჯულება დროში უსასრულოდ არის გაწელილი, შესაძლოა ასეთ მართლმსაჯულებას ინტერესი დაეკარგოს.
ნომერ პირველი გამოწვევა არის საქმეთა რაოდენობა და ის დიდი ნაკადი, რომელიც დაუსრულებლად მოდის სასამართლოში. საზოგადოებაც არ დაიჯერებს, რა რაოდენობის საქმეები მოდის კასაციაში. დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ სასამართლოშია 1224 საქმე, რაც კასაციისთვის უზარმაზარი რაოდენობაა, სამოქალაქო – 1255 საქმე, 1082 -სისხლის სამართლის საქმე. ეს არის მხოლოდ კასაციის მონაცემები. ბევრად უფრო მძიმეა ქვედა ინსტანციებში მდგომარეობა. თუ მე მხარდაჭერილი ვიქნები პარლამენტის მხრიდან, შევხვდები ყველა ჩემს კოლეგას სათითაოდ და ყველა მათგანთან გავივლი საკითხს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის ამ ეტაპზე რამენაირად დაძლევა ვიდრე, საკანომდებლო ცვლილებები დაგვეწევა”,- აცხადებს ნინო ქადაგიძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ის დეპუტატებს საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმას აცნობს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია.