ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

“დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო., მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

იტვირთბა....