ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ცერცვაძის მეთაურობით კლინიკური კონტროლის ჯგუფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს და უწყება დასახულ გეგმას მიჰყვება.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

იტვირთბა....