ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. ესაა სამართალდამცველი ლევან ადეიშვილი, რომელიც გიორგი რურუას ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა.  მან დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს.

პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, მოწმემ მონაწილეობა მიიღო რურუას პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, ხოლო პროცესზე დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ამოღებული იყო იარაღი მჭიდით და ოთხი ვაზნით. ასევე, პროკურორის თქმით, მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებიც იყო ამოღებული.

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოწმის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება და მან სასამართლოს ყალბი ჩვენება მისცა.

მისი თქმით, მოწმეს არ ახსოვს ჩხრეკის ბევრი დეტალი და მათ შორის არც ის, თუ რა სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანით გადაადგილდება ის.

ადვოკატი აცხადებს, რომ რურუას ჩხრეკა არ მომხდარა ადგილზე და მისი ჩხრეკის ოქმის გაყალბებაც მოხდა.

ბრალდებულმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, რაც არადამაჯერებელია.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....