ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს

ახალი „კოვიდ-19“ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეკომენდაციის მიხედვით, სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან და მათთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად.

“მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია, მასწავლებლებმა ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად. მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ.მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.

სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან. ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით, სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა. აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა, განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....