“საკოორდინაციო საბჭომ დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, შეზღუდვები უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეებზე 18 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება და ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მინისტრის განმარტებით, შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
„უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა იკრძალება, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩვენს მოქალაქეებს. ბუნებრივია, იქნება გამონაკლისები, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებსა და მათ ოჯახებს; ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი; ამავე დროს, ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის აუცილებლობა, მხედველობაში მყავს ექიმები, მოხალისეები; ასევე სტატუსნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებს, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები და, რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი ყოველი შემთხვევისთვის გადაწყდება ინდივიდუალურად. ეს არის შეზღუდვები, რომლებიც 18 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა ფიქსირდება.