ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტროში ელექტრონული სწავლების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების პირველ აპრილამდე გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე მუშაობს.

სამინისტროს ცნობით, აკადემიური გეგმის ფარგლებში სამინისტრო ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული. ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს და ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის.

2019 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი შეიძინა, მათ, შორის პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.

იტვირთბა....