ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი

92 წლის ასაკში მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გივი მარგველაშვილი გერმანიაში წავიდა. მამა, ტიტე მარგველაშვილი ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის. იგი 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც თან ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.

თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად, ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“ ორი ტომი (პირველი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო გერმანიის ტელევიზიამ, მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი აგრეთვე ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

2011 წლიდან მწერალი თბილისში ცხოვრობდა.

 

იტვირთბა....