საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უსტიციის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღინისძიებების ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღო.
მინისტრის განმარტებით, მათ შორის ეს ეხება თანამშრომლების მიერ საკუთარი საქმიანობის დისტანციურად განხორციელებას.
“ჩვენ გუშინ გვქონდა იუსტიციის სამინისტროს სისტემის 30-მდე მთავარ მენეჯერთან შეხვედრა . ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ დღეს, დღის ბოლომდე გამოიკვეთოს არა ადამიანები, არამედ საქმიანობები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სახლიდან. ამ საქმიანობების განსაზღვრის შემდეგ, ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მოცემულ საქმიანობას ახორციელებს, მივცეთ ინსტრუაქცია,რომ ის აღარ გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და თავისი უფლებამოსილება განახორციელოს სახლიდან.
ასევე გუშინვე გაიცა ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ყოფნას, ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი”,- აცხადებს წულუკიანი.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობას და საქართველოს ყველა უწყებას რეკომენდაცია მისცა, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე.