ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებისთვის 120/30-ზე მოდელი სარისკოა” – ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ 120/30-ის მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერის შესახებ შეთანხმება, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა.

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, იძულებით მიიღო, თუმცა, თავად აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ მიიღო ის საარჩევნო მოდელი, რამაც პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობა გააჩინა.

“ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ბუნებრივია, იძულებითი იყო, ამას მე მგონი, არც ხელისუფლება არ უარყოფს. ცდილობენ რაღაც ოპტიმისტური განცხადებები გააკეთონ და ამაყი სახით გაიხედონ ჰორიზონტზე, მაგრამ  ჩვენ ამნეზია არ გვჭირს – ჩვენ გვესმოდა წინა დღეებში ხელისუფლების რიტორიკა. ჯერ ამბობდნენ, რომ 100/50-ზე იყო ბოლო ზღვარი, მერე საუბრობდნენ 110/40-ზე და საბოლოო ჯამში, ძალიან უცნაურად, ერთ დღეში გამოაცხადეს, პრაქტიკულად, კაპიტულაცია, თუმცა მე არ მინდა ახლა ნიშნისმოგებით ვილაპარაკო ხელისუფლებაზე. კარგია, ხელისუფლებაში შეიძლება ვიღაც თვლიდეს, რომ პოლიტიკურად წააგეს, მაგრამ ქართულმა სახელმწიფომ გაიმარჯვა, შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიმარჯვა, მათ შორის ირაკლი კობახიძემაც კი გაიმარჯვა, თქვენ წარმოიდგინეთ.

ხელისუფლება ამ იწილო-ბიწილოს უყურებდა ოპოზიციის პრიზმაში და ეს იყო მათი მთავარი შეცდომა და ფიქრობდა, რომ ოპოზიციას გადატეხავდა. პრინციპში, ეს ლოგიკური გათვლა იყო, მაგრამ ვერ დაინახეს მთელი სურათი, თუ რა წინაისტორია ჰქონდა ამ თემას. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება აღმოჩნდა იმ პრობლემის წინაშე, რომ შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა მათ კეთილდღეობას როგორც პოლიტიკურს, ისე პიროვნულ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სახელმწიფომ მიიღო ის საარჩევნო მოდელი, რამაც გააჩინა წინაპირობა პოლიტიკური სტაბილურობის. ეს არის კარგი”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, 120/30-ზე მოდელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

“ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა იმიტომ, რომ ეს მოდელი სარისკოა მისთვის. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ მოდელით, ამომრჩევლის წინასწარი განწყობებით, ხელისუფლება არჩევნებს ვერ იგებს, აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ იღებს, თუმცა, ვერ იღებს ვერც ოპოზიცია. ფაქტობრივად, იქმნება წინაპირობა მულტიპარტიული დემოკრატიის, რაც არის ევროპისთვის დამახასიათებელი.  ამაში არაფერი საპანიკო არ არის. ეს არის კარგი.

ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, დღეს არის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე იყო გუშინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას, მაგრამ რისკი იმისა, რომ დაკარგოს, საგრძნობლად გაიზარდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მე არ განვიხილავდი ერთ მონოლითად. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ახლა მაქსიმალურად უნდა გაიშალოს, რომ მოიცვას საპროტესტო ელექტორატის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ის სეგმენტიც, რომელსაც არ უნდა არც წარსული “ნაციონალური მოძრაობის” სახით და არც აწმყო “ქართული ოცნების” სახით. იმისთვის, რომ ეს სეგმენტი იქნას ათვისებული, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ რჩება რისკი საარჩევნო ადმინისტრირების ეტაპზე. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ადმინისტრაციული და სპეცრესურსების ბოროტად გამოყენების. ახლა საზოგადოების ფუნქციაა, რომ პროცესი ბოლომდე მიიყვანოს და ადმინისტრაციულ ნაწილში, აიძულოს ხელისუფლება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გადაჭარბებული გამოყენება ვერ მოხდეს და არჩევნები გაიმართოს კონკურენტულ გარემოში. რა შედეგიც დაჯდება, ის შედეგი დაჯდება. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ამოცანა ის კი არ არის, რომ “ქართული ოცნება” გაისტუმროს ხელისუფლებიდან, ამოცანაა, რომ მიიღოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის მხარდაჭერა. თუ ნორმალურ, კონკურენტულ არჩევნებში ლეგიტიმაციას მიიღებს “ქართული ოცნება”, მაშინ უნდა იყოს ხელისუფლებაში ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ძალა. ან თუ ვერც ერთი ვერ იღებს, უნდა შედგეს კოალიცია. ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ამ პროცესს სჭირდება ჯანსაღი ადმინისტრირება. ვფიქრობ, საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლება შეეცდება, ბოროტად გამოიყენოს თავის მიერ კონტროლირებული ადმინისტრაცია, არსებობს. სამუშაოა იმაზე, რომ იმდენად შევბოჭოთ ხელისუფლება, რომ ესეც ვერ მოახერხოს”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება გუშინ, 8 მარტს შედგა.

საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....