ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით რეისების სიხშირეს ამცირებს, ნაწილს კი დროებით აჩერებს.
კომპანიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეწყდება ბოლონია-ქუთაისის რეისი, ამავე პერიოდში შემცირდება მილანიდან თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე და ავიარეისები კვირაში 2-ჯერ შესრულდება.
Ryanair-ის განმარტებით, მომხმარებლები, რომელთაც ცვლილებები შეეხოთ, მგზავრობის თარიღის შეცვლას შეძლებენ ან თანხა დაუბრუნდებათ. Ryanair-მა იტალიიდან ფრენები ჩეხეთის, მონტენეგროს, ისრაელისა და იორდანიის მიმართულებითაც შეაჩერა.
გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინდა. ამ დრისთვის ვირუსი 9 ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.