თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა დიეგო კოლასმა სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან გააცილეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული სამხედრო-საწვრთნელ მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მეხუთე როტაციას განახორციელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა “უკატექსზე” შეასრულებენ.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.