იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლომბარდიაში, ვენეტოში, ემილიაში, რომანიაში და ასევე იმ რეგიონებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული, ვენეცია ჯულია ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს, უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.