ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო საქართველომ ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეზღუდა

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერის ინიციატივით შექმნილ საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

შეგახსენებთ, საქართველო ოფიციალურად 42-ე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იტვირთბა....