პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა უკვე ორი წელია წარმატებით ხორციელდება, თუმცა წელს, თანხები გაორმაგებულია და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს გადამზადებას.
„ორი წელია რაც პროფესიული გადამზადების პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ დავიწყეთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ასეთ შედეგს და წარმატებას არ ველოდით. სულ, დაახლოებით, 2 000 ადამიანი გადამზადდა და მათგან 70% დასაქმებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წელს, აღნიშნული პროგრამისთვის თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს, თუმცა ვაორმაგებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები, რაც ზოგადად, ბიზნესსექტორს გააჩნია და რა არის პრობლემა, რა მიმართულებით სჭირდებათ ყველაზე მეტად გადამზადებული კადრები. ჩვენ ამ ყველაფრის მიხედვით ვახდენთ მათ გადამზადებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მსურველებს მოუწოდა, განაცხადები შემოიტანონ და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ უფასოდ გადამზადდნენ.
„როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მახსოვს, რამდენად დიდი პრობლემა იყო შემდუღებლის მიმართულებით. ჰესებს რომ ვაშენებდით, მცოდნე ადამიანებს ვერ ვნახულობდით და სპეციალისტების ხან თურქეთიდან, ხან ინდოეთიდან ჩამოყვანა გვიწევდა. რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ სხვები, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობები გვაქვს?! უბრალოდ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, რომ გადამზადდნენ და პროფესიონალები გახდნენ. შესაბამისად, ეს კონკრეტული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადებების მიღება მარტში დაიწყება. მსურველებს შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გასწავლოთ და დასაქმებაში ხელი შეგიწყოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
„ისწავლე და დასაქმდი“ მოკლევადიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მოიცავს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას. ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში, 38 სპეციალობაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, 1 107 ბენეფიციარი ეყოლება.