დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა აცხადებს, რომ არსებული განაჩენით, რომელიც დღეს სასამართლომ გამოიტანა, ყველა მხარემ პოლიტიკური დივიდენდები მიიღო.
როგორც კაკუბავა ტვ „პირველის“ ეთერში აღნიშნავს, საპარალმენტო კომისიამ საქმის გამიძიების ნაცვლად მიხეილ კალანდიაზე მტკიცებულებები ხელოვნურად შექმნა.
„დავინახე უზუსტობა და შეპარული მესიჯები. არავის უფიქრია იმაზე, რომ ჩატარებულიყო ნორმალური გამოძიება. ყველა ცდილობდა ამ საქმედან მიეღო პოლიტიკური დივიდენდი. არავინ ცდილობდა ამ საქმის ნორმალურად გამოძიებას. ყველაფერი შესაძლებელი იყო გამოძიებულიყო პირველივე დღესვე. საპარალმენტო კომისიამ არა გამოიძია საქმე, არამედ შექმნა მტკიცებულებები მიხეილ კალანდიაზე“,-განაცხადა დიმიტრი კაკუბავა
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.