ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩქაროსნული რკინიგზის პროექტზე დასაქმებული ქართველების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, კომპანია ჩინეთიდან მუშახელს ელოდება. “მეტრონომს” აღნიშნულ პროექტზე დასაქმებულმა რამდენიმე ადგილობრივმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ობიექტზე სამუშაოდ, ჩინეთიდან, დაახლოებით 10 ადამიანი ჩამოდის და უშუალოდ სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე, მომზადებულია სპეციალური ოთახები მათ დასახვედრად. “მეტრონომის” ჟურნალისტი ჩასული იყო ხარაგაულში და თავად შეეცადა ადგილზე ინფორმაციის მოპოვებას.
კორონავირუსის მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, ობიექტზე დასაქმებულებს აქვთ შეკითხვები, იქნებიან თუ არა ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანები შემოწმებულები ახალ ვირუსზე. მათთვის ასევე გაუგებარია ამ დრომდე, რატომ მოეწყო სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, სოფელ ზვარესთან, ჩინეთის მოქალაქეების დასახვედრად სპეციალური ოთახები და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აღნიშნული პირები კარანტინს სწორედ უშუალოდ სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე გაივლიან.
“ამბობენ, რომ ჩამოდიან ჩინეთიდან ადამიანები და პირდაპირ აქ აპირებენ მოყვანას. ოთახებიც მოამზადეს, რომ შემდეგ ისინი იქ განათავსონ. არავინ არაფერს გვეუბნება. არ ვიცით, ამ ადამიანებს გაადაამოწმებენ თუ არა. ან ოთახები რატომ მოუწყვეს? ყველას ძალიან გვეშინია”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც “მეტრონომს” ადგილზე დასაქმებულმა ქართველებმა უთხრეს, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ არ ექნებათ ზუსტი პასუხები შეკითხვებზე, აპირებენ, სამუშაო ობიექტები პროტესტის ნიშნად დატოვონ.
“რამდენიმე ქართველი მუშა მუშაობს ახლა აქ. არიან კიდევ მძღოლები. ხვალ-ზეგ ჩამოვლენო ამბობენ და მე პირადად, თუ არაფერი გაირკვა მანამდე, ვაპირებ, საერთოდ აღარ მოვიდე ობიექტზე. ჩემსავით ფიქრობენ სხვებიც”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
“მეტრონომი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს დაუკავშირდა. გოჩა გიორგიძის განმარტებით, ჩინეთიდან ჩამოსული მუშახელი სამუშაო ობიექტზე მხოლოდ ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ გავა. მისივე თქმით, იზოლაციის პერიოდს კონკრეტული ადამიანები არა სამუშაო ობიექტზე მოწყობილ ოთახებში, არამედ ცენტრალურ ადმინისტრაციულ შენობებში გაატარებენ.
“რამდენიმე პირი ჩამოდის ჩინეთიდან. მათ წამოსვლამდე, ჩინეთში ექნებათ გავლილი შემოწმება და გარდა ამისა, მათ საკარანტინო პერიოდიც ექნებათ გავლილი უშუალოდ ჩინეთში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე, როგორც არის ჩვენი მოქმედი პროტოკოლი, მოხდება ორკვირიანი თვითიზოლაცია ამ ადამიანების და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ საშუალება ობიექტებზე მუშაობის. საიზოლაციო ოთახები არის განთავსებული ცენტრალურ ადმინისტრაციულ შენობებში და არა სამუშაო ობიექტებზე. ზვარეში ჩამომსვლელები იზოლაციას გაივლიან ხაშურში. რატომ მოაწყეს ოთახები ზვარეში, ეს თავად კომპანიამ უნდა თქვას. თუნდაც ზვარეში რომ გაიარონ იზოლაციის პერიოდი, არც ეს არის პრობლემა. იზოლაცია ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები იქნებიან ოთახებში და არ გამოვლენ გარეთ. თუ მათთან კონტაქტში არ შევლენ სხვა ადამიანები, რომც იყვნენ მათ შორის დაავადებულები, სხვა ადამიანები არ დაავადდებიან. ობიექტებს ჰყავთ ექიმები, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის მიწოდება თითოეული მიგრაციის პროცესის შესახებ.
ზვარის ობიექტზე მუშაობენ ხაშურის ტერიტორიაზე არსებული კომპანიის მუშები, რომლებსაც პირველად მიიღებენ იქ ადგილზე და არ არის გამორიცხული, ჯერ თბილისში დააყოვნონ ეს ადამიანები ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა – ეს მათი შიდა პროტოკოლის საკითხია. მათ, რაც მთავარია, იციან ის, რომ ეს ადამიანები, სანამ სამუშაო ობიექტებზე გავლენ, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნებიან. არ ვიცი რა მოაწყვეს, მაგრამ ალბათ, იმისთვის მოეწყო ოთახები, რომ ადამიანებმა სამშენებლო ობიექტის სიახლოვეს იცხოვრონ. კარგი იქნება, თუ ადამიანებს პანიკას არ შევუქმნით”, – განაცხადა გიორგიძემ.
“მეტრონომი” ასევე დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, საიდანაც მოგვაწოდეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელისა და იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე, შეიმუშავებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კომპანიებისთვის და დამატებით მონიტორინგს განახორციელებს მათ შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს დაავადების პრევენციის ყველა წესი.
„მოვისმინეთ ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება მართვის და კარანტინში განთავსების საკითხები. უკვე გადავწყვიტეთ, რომ შედგება დამატებითი ჯგუფები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს,“ – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ეკა გოლიაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მუშახელმა უკვე გააპროტესტა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ჩინეთის 7 მოქალაქის შეყვანა. პროტესტის შემდეგ კი, კომპანიამ ჩინეთის მოქალაქეები გადაიყვანა ბორითში, სადაც ისინი იზოლირებული იქნებიან და ამის შემდეგ დაუბრუნდებიან სამუშაო ობიექტს.
აღნიშნულის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე, დროებით თავის შეკავება მოთხოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ საგზაო სამშენებლო პროექტებზე მომუშავე ჩინურ კომპანიებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწესებს მუშახელის შემოყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვებს, იმის გასარკვევად, დაწესდება თუ არა მსგავსი ტიპის შეზღუდვები მოდერნისტული რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, “მეტრონომი” “საქართველოს რკინიგზას” დაუკავშირდა.
“ჩინეთის 23-ე ბიურო “საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორი კომპანიაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული სახელმწიფოს პროგრამაზე. ჩინეთიდან ქვეყანაში შემოსული ადამიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირდაპირ ხომ ვერ მოხვდება? სახელმწიფოს აქვს მექანიზმი, რომ გააკონტროლოს ქვეყანაში შემოსული ადამიანები – შეამოწმოს ისინი ახალ კორონავირუსზე, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, “საქართველოს რკინიგზა” მუშახელის ჩამოყვანის შეზღუდვაზე არ საუბრობს”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.
მარიამ იმერლიშვილი