საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში, ვანის პროვინციაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ხაზზეა თურქეთის ყველა შესაბამის უწყებასთან, სტიქიის ზონაში დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.
შეგახსენებთ, თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია 21 -მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში, გამთენიისას მოხდა.