ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი კადრები ვრცელდება

მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, Facebook-ზე ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ჩანაწერი იმ ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა და მასში კარგად ჩანს, რომ კობიაშვილს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა.

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....